მოსწავლის ნამუშევრები

მასწავლებლის წარმატება მოსწავლის მიღწევებით ფასდება. საგნობრივი მეთოდიკის თავისებურება სწორედ მოსწავლეთა უნარ –ჩვევაში ვლინდება, მათ თავისუფალ აზროვნებაში მჟღავნდება. მაშინ როდესაც ფაქტობრივ მასალის ცოდნასთან  ერთად  თავს იჩენს შემოქმედებითი ნიჭიც ესგ მისაღწევი შედეგების რეალიზება ნათელი დადასტურებაა. ისტორიული ესე კი წარმოადგენს  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების საშუალებას, აგრეთვე ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტითაც მოსწავლეს  უნდა ჩამოუყალიბდეს ისტორიული აზროვნების უნარი, შეძლებისდაგვარად უნდა შეძლოს ისტორიული მოვლენების მიზეზების ახსნა მისი შედეგების გაანალიზება, ისტორიული პროცესის სხვადასხვა კუთხით დანახვა, ისტორიულ მოვლენებზე და პიროვნებებზე განსხვავებული ინტერპრეტაციების არსებობის მიზეზის დადგენა, ისტორიული მასალის შედარება და ანალიზი, ისტორიული თემის დაწერა.  


ესე - 1919 წლის 12 მარტის  პირველი დამფუძნებელი კრება
    ჩემეული მიმოხილვა

        საქართველოს დემოკრატიული განვითარების ისტორიული მსვლელობის ფონზე მრავალი საინტერესო ფაქტი არის დაფიქსირებული. ასწლეულების განმავლობაში ქართველი მეფეები გამოირჩეოდნენ შემწყნარებლობით როგორც სხვა ეროვნების, ასევე სხვა რელიგიური მიმდინარეობებისა და თვით სექტების მიმართაც კი.  თბილისში ერთ ადგილას თავმოყრილი რელიგიური კულტის ნიმუშები - ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა ამის თვალნათელი დადასტურებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საუკუნეთა განმავლობაში  მონარქიულ სახელმწიფოდ ვითარდებოდა, მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე მან რეალურად აუწყო ფეხი მიმდინარე მოვლენებს. რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებულმა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და შემდგომში მისი განვითარების სრულყოფისათვის.
აღნიშნულის დადასტურებაა 1918-19 წლებში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც ქართული პარლამენტარიზმის განვითარების თვალსაჩინო გამოხატულებაა. სახელმწიფოებრიობის სრულყოფაში სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ჰარმონიული მუშაობა იმ დროისათვის ჯერ კიდევ ჩანასახის პროცესში იყო. მიუხედავად ამისა, იმ დროისათვის ქართული მრავალპარტიული დაპირისპირებების ფონზე, საკანონმდებლო ორგანოს ასეთი სრულყოფილი მუშაობა ნამდვილად მიუთითებს სახელმწიფოებრივად აზროვნების სიმწიფეზე, ქვეყნის ჩამოყალიბებისთვის ბრძოლის მზაობაზე.
1918 წლის 26 მაისის დეკლარაცია მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები რომ არ აღმოჩნდა, ამის დასტურია შემდგომი მოვლენები, როცა ერთი წლის თავზე პარლამენტის სხდომამ მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდო სათავე.
1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების მსვლელობის დაწვრილებითი განხილვა ამ ნაშრომის მიზანი არაა. მოკლედ განვმარტავ, რომ საინტერესოა თვით კრების მიმდინარეობის სტილი, ეტიკეტი და პროცესუალური მიმდინარეობა. იშვიათად ვაკვირდები რა დღევანდელი პარლამენტის სხდომებს, აღმოვაჩინე, რომ საუკუნის წინ ქართული პოლიტიკური კულტურა თითქმის ახლოს იყო თანამედროვეობასთან, ზედმიწევნით ზუსტად შეიგრძნობა კანონშემოქმედებითი მუშაობის რიტმი და ახალი აზროვნებისადმი დამოკიდებულება. პარალელებს თუ გავავლებთ, პირველ რიგში, თვალში მომხვდა მრავალპარტიულობისა და სხვადასხვა აზრის ფონზე სწორი გადაწყვეტილებების მიღება. იმ დროისათვის ესერების, სოციალისტ-ფედერალისტების, ეროვნულ-დემოკრატიული თუ სხვა პარტიების წარმომადგენელთა აზრები ხომ აბსოლუტურად განსხვავებული და ხშირად ურთიერთსაპირისპიროც იყო.
ასევე ნიშანდობლივი აღმოჩნდა ჩემთვის ის გარემოება, რომ აშკარად გამოკვეთილი მტრული შეხედულებების ფონზე, ითვალისწინებდნენ  ალტერნატიული თვალსაზრისის პატივისცემას და რომ ასეთ აზრს საერთოდ ჰქონდა არსებობის უფლება.
ამ მხრივ ჩემთვის სრულიად მისაღები აღმოჩნდა პარლამენტში ორპალატიანი  სისტემის შემოღებაზე საუბარი. ეს თემა აქტუალურად მიმაჩნია დღესაც - 100 წლის შემდეგ, როცა გაცილებით მრავალპარტიულ საქართველოში, სადაც 100-ზე მეტი პარტიაა, პარლამენტის ორპალატიანობა მნიშვნელოვნად ჩააცხრობდა ქართველთა ვნებათაღელვას. ასეთივე მოდელი ინგლისში - კანონშემოქმედებითი ორგანოს როგორც სტაბილური, ასევე დინამიური განვითარების სრული გარანტიაა.
რაც შეეხება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, 100 წლის წინაც იგრძნობოდა ძირითად კანონთა კრებულისადმი ,,ძირგამომთხრელი,, დამოკიდებულება - მაშინაც ცდილობდნენ გარკვეული შესწორებების შეტანას, რაც, სავარაუდოდ, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა. თუმცა, აქ  კვლავ მოვიხსენიებ ინგლისის მაგალითს, როცა ზემოხსენებულ დოკუმენტში აგერ უკვე რამდენიმე ასწლეულია, ცვლილება არ შესულა...
და მაინც, 100 წლის წინანდელი მოვლენების  რეზიუმე ჩემი სიტყვებით ასე გამოითქმის:
- ქართული პოლიტიკური აზროვნება განვითარებადია, დინამიკური და სრულყოფილებისადმი  მსწრაფი. 1918-19 წლის მოვლენები დასაბამი იყო ამ  აზროვნების უფრო მეტად განვითარებისათვის. ჩვენ არა მარტო კულტურულად, გონებრივად და ინტელექტუალურად მზარდი ერი ვართ, არამედ პოლიტიკურადაც, რომელსაც ხანდახან მხოლოდ ვიწრო ხედვითი ამბიციები უშლის ხელს.

                            ავტორი: მარია შიოშვილი
   სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო  სკოლა, X კლასი.


                                           გამოყენებული ლიტერატურა

1.      ბენდიანაშვილი ა₾. - საქართველოს ისტორია, თბილისი, 1999 წელი.
2.      ვაჩნაძე მ. ვ. გურული საქართველო XIX  - XX საუკუნეებში, გამომცემლობა ინტელექტი, თბ. 2014 წელი
3.      ჟორდანია ნ. ჩემი წარსული ( მოგონებანი) პარიზი, 1953 წელი
4.      შველიძე დ. თ პაპუაშვილი, მ. ხუციშვილი, ზ. ცინცაძე, ნ.თურაზაშვილი, მ გუნცაძე, ე.გელაშვილი,  ბ. ხაჩიძე, ნ. მოთიაშვილი, თ. ლაზაშვილი, ხ. ნადირაძე, ნ. ჩხეიძე, თ. ტაბატაზე, ი. ირემაძე, დ. სილაქაძე - დამოუკიდებლობის 1028 დღე,  საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე 1918-1921, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 წელი.









ესე - დამფუძნებელი კრების როლი XX საუკუნის საქართველოში


          დღესდღეობით, დაბეჯითებით ვერავინ გეტყვით როგორ წარმოიშვა ქალაქ-სახელმწიფოები, როდის გაჩნდა მეფის წოდება ანდა საიდან მოდის ამ ყველაფრის ფესვები. თუმცა ცხადია ის ფაქტი, რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან მრავალი საუკუნის განმავლობაში ადამიანების უმეტესობა ისწრაფოდა თავისუფლებისა და თანასწორობისაკენ. სწორედ ამან განაპირობა მომავალში ხალხის მიზანი, შეექმნა ისეთი სახელმწიფო, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლებოდა წვლილის შეტანა ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში.  ჯერ კიდევ, ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში გაჩნდა საბერძნეთში დემოკრატიის ნიშნები. შუა საუკუნეების ბრიტანეთში კი შეიქმნა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი,  „თავისუფლების დიდი ქარტიის“ სახით. საქართველოში, ამ მხრივ, აღსანიშნავია, ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა და კარავის დადგმა. თუმცა ყუთლუ არსლანის დასის  მცდელობა, შეეზღუდა მეფის ხელისუფლება, ჩასახვისთანავე აღკვეთეს. მას შემდგომ, მრავალმა წელმა განვლო და მხოლოდ XX საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა დამფუძნებელი კრება, რომლის მიზანიც, სახელმწიფოს მმართველობის ფორმისა და კონსტიტუციის შემუშავება იყო საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე.
      წარმომადგენლობითი დაწესებულების არჩევნები ფარულად დაიწყო 14 თებერვალს და სამ დღეს გაგრძელდა. არჩევნებში სულ 15 პარტია იყო დარეგისტრირებული და ხმის მიცემა 13 მაზრასა და 17 ქალაქში იყო შესაძლებელი. უშუალოდ კრება, 12 მარტს შედგა. თავდაპირველად, სიტყვით დეპუტატი სილიბისტრო ჯიბლაძე გამოვიდა: „ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას. მაშ, გაუმარჯოს საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის თავისუფალ დემოკრატიას, გაუმარჯოს საქართველოს დამფუძნებელ კრებას!“
        დამფუძნებელი კრების არჩევნები მეტად გამორჩეული იყო, ვინაიდან, ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შეეძლო ხმის მიცემა, თუ ოც წელს უკვე გადაცილებული იყო. შეზღუდვა ეხებოდა მხოლოდ რეგულარულ ჯარში ჩარიცხულებს და მათ პასიური საარჩევნო უფლება ჰქონდათ მინიჭებული.
        სხდომაზე კრების თავმჯდომარედ ნიკოლოზ ჩხეიძე აირჩიეს, თავმჯდომარის უფროს ამხანაგად კი ალექსანდრე ლომთათიძე. სწორედ ამ უკანასკნელმა წარუდგინა პარლამენტარებს საქართველოს ეროვნული საბჭოს მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებული დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც დამფუძნებელი კრების წევრები ფეხზე მდგომნი უსმენდნენ. შემდგომში, მათ აქტი მასზე ხელმოწერით დაამტკიცეს.
      ჯიბლაძის შემდეგ, სიტყვით ნოე ჟორდანია გამოვიდა. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ დიდი ისტორიული მისია შეასრულა, -  რევოლუციის ქარცეცხლში უსისხლოდ გამოატარა საქართველო.
      დამფუძნებელი კრების ამავე სხდომაზე განხილულ იქნა ახალი მთავრობის შექმნის საკითხი. ამასთან დაკავშირებით, რ. არსენიძემ განაცხადა, რომ უკვე არსებული პრეცედენტით მათ შეეძლოთ აერჩიათ თავმჯდომარე, რომელიც თავად შეარჩევდა მთავრობის წევრებს. ან კიდევ, პირდაპირ სახელმწიფოს მეთაური აერჩიათ. გამოსვლას არაერთგვაროვნად შეხვდნენ და ბოლოს კრებამ დაადგინა შემდეგი: „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის შესადგენად დამფუძნებელი კრება ირჩევს ერთ კაცს, რომელიც ნიშნავს მინისტრებს. მთავრობის თავმჯდომარე ამასთანავე არის უმაღლესი წარმომადგენელი რესპუბლიკისა.“ ამგვარად, კრებამ უარყო პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობა და მხოლოდ თავმჯდომარის უფლება-მოსილების გაფართოებას დასჯერდა.
       ყველაფერთან ერთად, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 109 დეპუტატს შორის 5 ქალი იყო. მაშინ როცა, ამ დროს მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობაში ქალებს არ გააჩნდათ ხმის მიცემის უფლება. კრების პირველ სხდომაზე, პრეზიდიუმის წევრად სოციალ-დემოკრატი ქრისტინე შარაშიძე აირჩიეს, მიუხედავად ამისა, მაინც მკაფიოდ ჩანდა უთანასწორობა ქალსა და მამაკაცს შორის: ქალებს პოლიტიკური პარტიები არც კანდიდატებად ასახელებდნენ და არც შეკრებებზე ეპატიჟებოდნენ. სამარცხვინო ფაქტია ის, რომ „ინტერპარტიული ქალთა ლიგის“ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენეს - კატო მიქელაძეს აკაკი ჩხენკელმა ერთ-ერთ გამოსვლაზე სიტყვის თქმის უფლება არ მისცა. მსგავსად მოექცნენ ნინო ტყეშელაშვილს, რომელიც სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეკრებას დაესწრო და ნახა, რომ ყრილობის დელეგატთა სიაში არც ერთი ქალის შეყვანას არ აპირებდნენ მამაკაცები.
       დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე 5 დეპუტატი ქალის მოხვედრა პროგრესის მაჩვენებელი იყო, თუმცა კომუნისტურმა რეჟიმმა მალევე მოუსწრაფა ქალებს საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობის ასპარეზი. დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, ხუთივე ქალი დევნას განიცდიდა საბჭოებისაგან. ორი მათგანი 37 წლის რეპრესიებს შეეწირა.
       პირველი სხდომიდან ერთ წელიწადში, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით განაცხადეს, რომ დამფუძნებელი კრება უნდა შედგომოდა კონსტიტუციის განხილვას. ამას დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა. ზოგი ფიქრობდა, რომ უმჯობესი იყო კონსტიტუცია დამფუძნებელ კრებას მიეღო, ხოლო ზოგი მიიჩნევდა, რომ სჯობდა ხალხის გადაწყვეტილების შესაბამისად ემოქმედათ და რეფერენდუმი ჩაეტარებინათ. რამდენიმე თვეში, სოციალ-დემოკრატებმა მიიჩნიეს, რომ აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღების დაჩქარება და რეფერენდუმის ჩატარების იდეა უარყვეს. 1921 წლის 15 თებერვალს საბჭოთა რუსეთის არმია საქართველოში შემოვიდა. 21 თებერვალს დამფუძნებელი  კრების წევრებმა, ერთხმად მიიღეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია. 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია დედაქალაქში შევიდა და ამით დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა. ამის შემდგომ, საქართველოს მთავრობამ ერთ თვეზე ნაკლებ დროში დატოვა საქართველო და საფრანგეთში, ემიგრაციაში გაემგზავრა. ქვეყანაში არსებული პროტესტის მიუხედავად, საქართველომ დამოუკიდებლობა ვეღარ მოიპოვა დარჩენილი 70 წლის განმავლობაში.
         დამფუძნებელი კრების დაარსებით საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისაკენ. მიუხედავად დროის სიმცირისა, მოხდა მნიშვნელოვანი გარდაქმნები პარლამენტში, რამაც ნიადაგი მოუმზადა მომავალ, სუვერენულ საქართველოს. რომ არა, საბჭოთა კავშირის რკინის ხელი და სულის ამომხდელი რეჟიმი, ვფიქრობ, დამფუძნებელი კრების საფუძველზე ქვეყნის მომავალი პარლამენტი ბევრად მაღალ დონეზე იქნებოდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალის როლი საზოგადოებაში. მიუხედავად დამყარებული სტერეოტიპებისა, ხალხმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო და ასე თუ ისე დააფასა ქალების როლი სახელმწიფოში, რაზეც მოწმობს 5 დეპუტატი ქალის წარდგენა დამფუძნებელ კრებაზე. წარმომადგენლობითი ორგანოს ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნებას. პირველი კონსტიტუციის მიღებამ კი გზა გაუხსნა ქვეყანას დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ.

                                                                                                    ავტორი:   ლალი გარსიაშვილი
სსიპ ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N 2 საჯარო სკოლა, X კლასი


გამოყენებული ლიტერატურა;

1.      ბენდიანაშვილი ალ. - საქართველოს ისტორია, თბილისი, 1999 წელი.
2.      ვაჩნაძე მ. ვ. გურული საქართველო XIX  - XX საუკუნეებში, გამომცემლობა ინტელექტი, თბ. 2014 წელი
3.      ჟორდანია ნ. ჩემი წარსული ( მოგონებანი) პარიზი, 1953 წელი
4.      შველიძე დ. თ პაპუაშვილი, მ. ხუციშვილი, ზ. ცინცაძე, ნ.თურაზაშვილი, მ გუნცაძე, ე.გელაშვილი,  ბ. ხაჩიძე, ნ. მოთიაშვილი, თ. ლაზაშვილი, ხ. ნადირაძე, ნ. ჩხეიძე, თ. ტაბატაზე, ი. ირემაძე, დ. სილაქაძე - დამოუკიდებლობის 1028 დღე,  საქართველოს რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე 1918-1921, თბ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2013 წელი.
 

No comments:

Post a Comment